ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, პენსიებისა და სოციალური გასაცემლების დარიგებასთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი 16 მაისს დასრულდება. ამის შესახებ მან პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მინისტრს იმედი აქვს, რომ ბანკები იაქტიურებენ და ტენდერი საუკეთესო შედეგით დასრულდება. ზურაბ აზარაშვილის თქმით, წინადადებების მიღება ბანკების მხრიდან დღეს, 11 მაისს დაიწყო და 5 დღეში, 16 მაისს დასრულდება.
მინისტრი ამბობს, რომ ის ამ პროცესს გვიან შეუერთდა, როცა უკვე განსაზღვრული იყო ტენდერი პირობები გაუმჯობესების კუთხით.
ტენდერის პირობების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მაქსიმუმ 15 მლნ ლარი, ხოლო კონტრაქტის განმავლობაში 105 მლნ ლარი გამოიყოფა. ახალი ტენდერის პირობები ძალაში 2023 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 1 იანვრამდე იქნება.
ასევე ე.წ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ჭერი წესდება. სესხის განაკვეთი რეფინანსირების პროცენტზე იქნება მიბმული და მასზე მაქსიმუმ 15%-ით მეტი შეიძლება იყოს. დღეს საპენსიო სესხებზე ეფექტური განაკვეთი 36%-ია. ამ ეტაპზე პენსიებსა და სოციალურ გასაცემლებს “ლიბერთი ბანკი” არიგებს.