საფონდო ბირჟების მკვეთრი ვარდნისა ფონზე, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები ისევ იზრდება.
გასულ 24 საათში ნედლი ნავთობის ფასი თითქმის 1%-ით გაიზარდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ღირებულება 123.5 დოლარს აღწევს; WTI Crude-ის ფასი 122 დოლარს აჭარბებს, ხოლო Arab Light-ის, Medium-ისა და Heavy-ის ფასები 120-123 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის გაძვირება, ძირითადად, მოთხოვნა-მიწოდების ფაქტორების გაუარესებასთანაა დაკავშირებული. ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის პერსპექტივა მნიშვნელოვნად ზრდის ზეწოლას ფასებზე, რომელსაც კიდევ უფრო მეტად ამწვავებს ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) ოფიციალური პოზიცია.
საგულისხმოა, რომ OPEC-მა ყოველდღიური მიწოდების 648,000 ბარელით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამას ბირჟაზე ფასების შემცირება არ მოჰყოლია, უფრო მეტიც, აღმასვლის ტენდენცია უფრო მეტად გაძლიერდა.
ექსპერტების შეფასებით, რუსეთის სრულად ჩასანაცვლებლად მიწოდების, დაახლოებით, ორი მილიონი ბარელით გაზრდაა საჭირო, რისი მზაობა და სურვილიც ამჟამად OPEC-ს არ აქვს.
ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, ნავთობის მოპოვებისა და მიწოდების გასაზრდელად აუცილებელია ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელება და შესაბამისი ჭაბურღილების, გადამამუშავებელი ქარხნებისა თუ მილსადენების მოწყობა, რისი საშუალებაც, ევროკავშირის დახმარების გარეშე, OPEC-ის წევრ სახელმწიფოებს არ აქვთ, გარდა საუდის არაბეთისა და საამიროებისა.