შაჰ-დენიზის საბადოდან, საიდანაც გაზის ექსპორტი საქართველოში, თურქეთსა და ევროპაში, კერძოდ, იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში ხდება, იანვარ-ოქტომბერში გადაქაჩული გაზის მოცულობამ 17 697 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა. ეს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 18,8%-ით მეტია. აზებაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებს „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს.
საანგარიშო პერიოდში შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის ექსპორტის წილმა აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 53,8% შეადგინა. მთლიანობაში, იანვარ-ოქტომბერში ამ მაგისტრალური გაზსადენებით 31 707 1 მლრდ კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა, რაც 11,5%-იანი ზრდის მაჩვენებელია.
2021 წელს შაჰ-დენიზის საბადოდან აზერბაიჯანული გაზის ექსპორტმა 17 618 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 43,6%-ით მეტია.
შაჰ-დენიზის საბადოს განვითარების ხელშეკრულება ბაქოში, 1996 წლის 4 ივნისს გაფორმდა, ხოლო იმავე წლის 17 ოქტომბერს მილი მეჯლისის მიერ იქნა რატიფიცირებული. ამჟამად კონტრაქტში მხარეთა წილობრივი მონაწილეობა ასეთია: ოპერატორი კომპანია, BP – 29,99%, SOCAR – 21,02%, LUKOIL – 19,99%, NICO – 10%, TPAO – 19%.