მსოფლიო ბანკმა საქართველოში ადამიანური კაპიტალის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე გამოაქვეყნა მიმოხილვა. დოკუმენტში საუბარია ქვეყანაში არსებული საწყისი, საბაზისო და უმაღლესი განათლების სისტემებზე, ასევე ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემაზე, რომლებიც მთლიანობაში გავლენას ახდენენ ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის მდგომარეობაზე.
დოკუმენტის შემაჯამებელ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხი ევროპისა და ცენტრალური აზიის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.
“განათლების სისტემის სახელმწიფო დაფინანსება ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა ის მაინც საერთაშორისო დონეზე დაბალია. განათლებაზე სახელმწიფო დაფინანსებაზე 2006 წელს არსებული მშპ-ის 2.8%-დან 3.6%-მდე გაიზარდა.
2019 წელს საქართველოს მთავრობამ ადამიანური კაპიტალის განვითარება პრიორიტეტად გამოაცხადა, თუმცა კოვიდ-19-ის მიერ გამოწვეული საბიუჯეტო ცვლილებების გამო, 2022 წლისთვის სახელმწიფო დანახარჯების მეოთხედის განათლებაზე მიმართვა მიუღწეველ მიზნად გამოიყურება. მართალია საქართველოს დანახარჯები განათლებაზე უფრო მაღალია ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, თუმცა ის მთლიანობაში უფრო დაბალია, ვიდრე მსოფლიოს და ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საშუალო. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად დანიაში მშპ-სთან მიმართებით დანახარჯები ორჯერ მაღალია. იმის მიუხედავად, რომ ხარჯების ხარისხი არის უმნიშვნელოვანესი, განათლებაში უფრო მეტი ინვესტიციის ჩადების გარეშე რთული იქნება პასუხი გაეცეს თანამედროვე შრომის ბაზრის მიერ დასმულ მოთხოვნებს,”- ნათქვამია მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.