სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, პროფესიული და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით, უმაღლესი საერთაშორისო შეფასება მიიღო.
უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საქმიანობის (SAI-PMF) შეფასება ევროკავშირის და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის (OECD) SIGMA-ს პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა.
SAI-PMF-ის ინდიკატორებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროფესიული და ორგანიზაციული განვითარება (2018-2022 წწ) მაქსიმალური 4 ქულიდან 3.4 ქულით შეფასდა.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, SAI-PMF-ის შეფასება და სხვა ევროპულ უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებთან შედარება ცხადყოფს, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მისი ინსტიტუციური განვითარება გაუთანაბრდა ევროკავშირის ქვეყნების დონეს.
SAI-PMF ერთადერთი დამოუკიდებელი, პროფესიული და ამასთანავე, კომპლექსური მექანიზმია, რომელიც აფასებს აუდიტის სამსახურების როგორც აუდიტორულ, ასევე არააუდიტორულ საქმიანობას, საკანონმდებლო ჩარჩოს, ორგანიზაციის დამოუკიდებლობის ხარისხს და მანდატს, შიდა მმართველობას და ეთიკას, ძირითად პარტნიორებთან კომუნიკაციას და ადამიანური რესურსების მართვას.