2022 წლის დასაწყისისა და ასევე სრული წლის განმავლობაში აზოტოვანი სასუქების ექსპორტი რეკორდულად იყო გაზრდილი. შესაბამისად, გასულ წელს საქართველოდან ჯამში ექსპორტზე 281 მლნ 420 ათასი დოლარის ღირებულების 462 215 ტონა აზოტოვანი სასუქი გავიდა. საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 135.5%-ით იყო გაზრდილი, მოცულობის მიხედვით კი რეალიზება წლიურად სულ რაღაც 2.2%-ით გაიზარდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო ბაზარზე აზოტოვანი სასუქები ღირებულება 2021 წლის ფასთან შედარებით მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი.
იანვარ-თებერვლის პერიოდში აზოტოვანი სასუქების ექსპორტით საქართველომ 21. 048 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო და 38 852 ტონა საქონელი გაყიდა. ექსპორტის ღირებულება გასული წლის ამავე პერიოდის ექსპორტს 63.8%-ით ჩამორჩება, მოცულობა კი 57%-ით შემცირდა. ბოლო ათი წლის განმავლობაში ექსპორტირებული საქონლის მოცულობის მაჩვენებელი ამ პერიოდისთვის მინიმალურია.
იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
- პერუ – 17 მლნ დოლარი, 31 500 ტონა;
- ტანზანია – 3.3 მლნ დოლარი, 6 000 ტონა;
- სომხეთი – 337 ათასი დოლარი, 574 ტონა;
- აზერბაიჯანი – 320 ათასი დოლარი, 711 ტონა;
- უკრაინა – 44 ათასი დოლარი, 66 ტონა..