საქართველოდან ევროკავშირში 800 ტონა მოცვი გავა – ინფორმაციას საქართველოს მოცვის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ. მათი ინფორმაციით, ევროკავშირში ქართული მოცვის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას გასულ კვირას მადრიდში გამართულ Fruit Attraction 2023-ზე მიაღწიეს.
ასოციაციასა და გერმანულ მხარეს შორის მემორანდუმი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფარგლებში გაფორმდა. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დახმარებით, მიმდინარე წლის დასაწყისში მოცვის საცდელი პარტია გერმანიაში შეიტანეს და ის სუპერმარკეტების ქსელში გაიყიდა.
საქართველოს ცივი შენახვისა და ლოგისტიკის ასოციაციის მონაცემებით, საქართველოში 118 ცივი საწყობი ფუნქციონირებს, მათ შორის 35 USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით. დასავლეთ საქართველოში 15-მდე სამაცივრე საწყობი ორიენტირებულია მოცვზე. მათი საერთო სიმძლავრე სეზონზე დაახლოებით 3500 ტონაა.
ქართული მოცვის თითქმის მთელი ექსპორტი რუსეთში (94%) გადის, რომელსაც წამყვან იმპორტიორ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი ზრდა აქვს. ამას ორი მიზეზი აქვს: უკრაინასთან ომის გამო ის მკაცრი სანქციების ქვეშ იმყოფება და მეორე, რუსეთს ზოგადად უკიდურესად არასტაბილური ბაზარი აქვს.
აქედან გამომდინარე, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია მწარმოებლებს საშუალებას მისცემს ბიზნესის სტაბილურობა და მდგრადი მოგება უზრუნველყონ.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე საქართველომ დაახლოებით 3 270 ტონა მოცვი გაიტანა, რაც 2,4-ჯერ აღემატება 2022 წელს დაფიქსირებულ წინა რეკორდს. მოცვის ექსპორტმა 2023 წელს თითქმის 20 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რისი მთავარი ფაქტორიც წარმოებისა და ექსპორტის მოცულობის ზრდა იყო.