საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება – პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეობის პროცედურის დახვეწასა და გამარტივებას. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას – ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
ცვლილებების ამოქმედების შემდეგ: საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი გამოცდას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადების შეტანამდე ჩააბარებს; არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის მინიჭების ფორმალურ პროცედურებს, რითაც დაიზოგება როგორც მოქალაქეების, ისე უწყების დრო და რესურსები; გამოცდაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, პირს უფლება ექნება, გადააბაროს გამოცდა შეუზღუდავად. გამოცდის ჩაბარებისას მისი შედეგები ძალაში იქნება 1 წლის განმავლობაში; საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების შესახებ განცხადებაზე საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოქალაქეობის მინიჭების პროცედურის ხელმეორედ დაწყების ვადა 1 წლიდან 6 თვემდე შემცირდება; მოქალაქეობის არმქონე პირთა მიერ მოქალაქეობის მოპოვებისთვის დადგენილი საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი 5 წლამდე შემცირდება, რითაც სრულად შესრულდება გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე აღებული ვალდებულება.