ევრო 2024-ის საპრიზო ფონდის განაწილების სისტემის მიხედვით, საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გასვლისთვის UEFA-სგან 1,5 მლნ ევროს მიიღებს, ამის შესახებ UEFA-მ თავის ვებგვერდზე ჯერ კიდევ 2023 წლის 2 დეკემბერს გამოაქვეყნა.
ნაკრებმა ევრო 2024-ზე მონაწილეობისთვის 9.25 მლნ ევრო, ჩეხეთთან მატჩში ერთი ქულის მოპოვების შედეგად 500 000 ევრო, ხოლო პორტუგალიის გუნდთან მოგებით 1 მლნ ევრო გამოიმუშავა.
მთლიანობაში, საქართველოს ნაკრებისთვის განკუთვნილი UEFA-ს საპრიზო თანხის ოდენობა უკვე 12.25 მლნ ევროს შეადგენს.
UEFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა ჰამბურგში საპრიზო ფონდის განაწილების სისტემა ევრო 24-ის საფინალო ტურნირში მონაწილე გუნდებისთვის 2023 წლის 2 დეკემბერს დაამტკიცა. საპრიზო თანხამ იგივე ოდენობა, ანუ 331 მლნ ევრო შეადგინა, რა ოდეობაც ევრო 2020-ისთვის დამტკიცდა. ანალოგიურია თანხის განაწილების სისტემაც. კერძოდ, ტურნირში მონაწილეობა 9,25 მლნ ევროს, მატჩში გამარჯვებისთვის ბონუსი 1 მლნ ევროს, ხოლ ფრეზე 500,000 ევროს შეადგენს. მერვედფინალის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა 1,5 მლნ ევროთი, მეოთხედფინალში 2,5 მლნ ევროთი, ხოლო ნახევარფინალში გასვლა UEFA-ს მიერ 4 მლნ ევროთი ჯილდოვდება. მეორე ადგილზე გასული გუნდი 5 მლნ ევროს მიიღებს, ხოლო ევროს 2024-ის ჩემპიონს 8 მლნ ევროს ოდენობის ფულადი პრიზი გადაეცემა.
ჯგუფში სამივე მატჩის მოგების შემთხვევაში ჩემპიონ გუნდს, მაქსიმუმ, 28,25 მლნ ევროს გამომუშავება შეუძლია.