ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოში 3 021 067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
მათივე ცნობით, იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2 123 816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა და 2023 წელთან შედარებით ზრდა 10%-ი იყო.
ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყნის მონაცემიც, საიდანაც ირკვევა რომ ამ 15 ქვეყნიდან ყველაზე მეტად საქართველოს წლის 1-ელ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინელი და ინდოელი ტურისტები გაეზარდა.
ვიზიტების მიხედვით ტოპ-15 ქვეყანას შორის, ყველაზე მეტად – 159.5%-ით გაიზარდა ჩინელი ვიზიტორების რიცხვი, რომელთა რაოდენობამ 2024 წლის 1-ელ 6 თვეში 32 853 შეადგინა, მაშინ როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში – 12 659 იყო. 64.3%-ით არის გაზრდილი ინდოეთიდან ვიზიტორების რიცხვი. კერძოდ, თუ 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ინდოეთიდან 57 747 ტურისტი ესტუმრა, გასული წლის 6 თვეში ეს მაჩვენებელი – 35 140 იყო.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, ამ 15 ქვეყნიდან 44.3%-ით არის წლიურად გაზრდილი ვიზიტორების რიცხვი საუდის არაბეთიდან, საიდანაც საქართველოს წელს 22 271 ტურისტი ეწვია (2023 წელი – 15 434); 26.7%-ით გაიზარდა უზბეკეთიდან ვიზიტორები და 25 661 შეადგინა (2023 წელი – 20 250); ამასთან, ზრდის მიხედვით გამოირჩევა გერმანიაც, საიდანაც 2024 წლის 1-ელ ნახევარში ქვეყანამ 31 096 ტურისტი მიიღო, რაც წლიურად 24.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია (2023 წელი – 25 020).
ვიზიტების მიხედვით ტოპ-15 ქვეყანას შორის ერთნაირი 21,7%-იანი ზრდა ჰქონდა ყაზახ და ირანელ ტურისტებს. კერძოდ, 2024 წლის იანვარ – ივნისში საქართველოს ყაზახეთიდან 70 298 ვიზიტორი ესტუმრა, ხოლო ირანიდან – 61 961, მაშინ როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ ქვეყნებიდან საქართველოს შესაბამისად, 57 771 და 50 932 ვიზიტორი ყავდა.