საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტი, რომლის თანახმადაც, მუნიციპალიტეტებს ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) შექმნისთვის სამართლებრივი საფუძველი შეექმნებათ.
კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა წარადგინა.
აღნიშნული კანონპროექტით,ტურისტული დანიშნულების მართვის ორგანიზაციის დამფუძნებლები შეიძლება იყვნენ მუნიციპალიტეტები და კერძო სამართლის კომერციული იურიდიული პირი ან/და არაკომერციული იურიდიული (ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული ასოციაცია) პირი ან/და ფიზიკური პირი.
„იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტებს მიეცეთ ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის შექმნის სამართლებრივი საფუძველი, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანულ კანონში შეგვაქვს ცვლილებები. მიზანშეწონილია, რომ ორივე კანონის მიღება ერთდროულად მოხდეს, ამიტომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.