კომპანია Hazelnut Gorgia-ს აღმასრულებელი დირექტორი თემურ გოგია მიიჩნევს, რომ საქართველოში უმაღლესი ხარისხის თხილი არ არსებობს. გოგიას თქმით საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია სიმართლეს არ ამბობს, როდესაც აცხადებს, რომ წელს თხილის მოსავლის 70% პრემიუმ ხარისხის პროდუქტზე მოდის.
„საქმე გვაქვს აბსოლუტურ დილეტანტობასთან, რადგან საქართველოში მაღალი ხარისხის თხილი არ არსებობს. ეს განცხადება არის პროვოკაცია და ხალხის შეცდომაში შეყვანა, რამაც ფერმერებში სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია. პრემიუმ ხარისხის თხილი საქართველოში არ მოჰყავთ.ერთადერთი რეგიონი კახეთია, სადაც მაღალი ხარისხის თხილი იწარმოება, მაგრამ პრემიუმი არც ისაა და ღირს 6 ლარი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ფერეროსთან“ ვერცერთი მცირე ფერმერი ვერ იმუშავებს, რადგან იტალიელი ინვესტორები მხოლოდ მსხვილ მწარმოებლებთან თანამშრომლობენ. ეს სრულიად განსხვავდება თავისუფალ ბაზარზე არსებული სიტუაციისგან, სადაც ფერმერს შეუძლია მყიდველებს 200-300 კგ თხილი მიჰყიდოს. „ფერერო“ ასე არ მუშაობს“, – აცხადებს თემურ გოგია.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, წელს უმაღლესი ხარისხის 1 კილოგრამი თხილი 7 ლარამდე ეღირება, შედარებით ნაკლების ხარისხის კი – 3,50-4 ლარამდე.