თეთრი შაქრის ფიუჩერსების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე 4,7%-ით გაიზარდა და ტონაზე 705,5 დოლარი შეადგინა, რაც 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტო ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ ამ პროდუქტზე ფასის რეკორდულ ზრდას ინდოეთიდან, ბრაზილიიდან, პაკისტანიდან და ტაილანდიდან მიწოდების შემცირებას უკავშირებს.
Bloomberg-ის შეფასებით, ნავთობზე ფასების ზრდის გამო ინდოეთის ქარხნებმა შაქრის ლერწმის ნედლეულის უმეტესობა შესაძლოა, ეთანოლის წარმოებისთვის გამოიყენონ. ასევე, შიდა ფასების ზრდის გამო ნიუ დელიმ შესაძლოა, მიმდინარე სეზონზე ექსპორტიც შეზღუდოს.
მიწოდება იკლებს ბრაზილიიდანაც, რისი მიზეზიც ქვეყანაში ბენზინზე ფასების ზრდაა. ამან მომხმარებლები აიძულა, ბიოსაწვავსა და ეთანოლზე გადართულიყვნენ, რის შედეგადაც შაქრის ლერწმის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთანოლის წარმოებას ხმარდება, ხოლო კვების მრეწველობისთვის მისი მიწოდება მცირდება.
საკონსულტაციო ფირმა Agriturismo-ს ანალიტიკოს ფრანსუა ტორის თქმით, შაქრის გაძვირება საკონდიტრო ნაწარმისა და ცომეულის ხარჯების ზრდას იწვევს, რა პროდუქციაც ენერგიის, საწვავის და მუშახელის მაღალი ხარჯების გამო ისედაც გაძვირებულია.