2023 წლის მე-4 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 782.3 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.6 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.6 პროცენტი ქალია, ხოლო 57.4 პროცენტი – კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.3 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 37.2 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 742 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4.991 მლრდ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1 პროცენტით მეტი).
2023 წლის მე-4 კვარტალში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2 196.2 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 285.1 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 687.6 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 200.6 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი:
- მსხვილი ბიზნესი – 2 250.0 ლარი;
- საშუალო ბიზნესი – 2 538.3 ლარი;
- მცირე ბიზნესი – 1 899.5 ლარი.
2023 წლის მე-4 კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 37.6 პროცენტი მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 32.2 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა – 7.5 პროცენტიანი წილით, მშენებლობა – 6.6 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება – 4.5 პროცენტიანი წილით, ხოლო 11.5 პროცენტი დანარჩენ დარგებზე ნაწილდება.
2023 წლის მე-4 კვარტალში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვებაში პირველ და მეორე ადგილებს იკავებს ვაჭრობა (20.2 პროცენტი) და მშენებლობა (19.5 პროცენტი), შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა (19.1 პროცენტი) და ტრანსპორტი და დასაწყობება (9.4 პროცენტი), ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 31.8 პროცენტიანი წილი უჭირავს.
2023 წლის მე-4 კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 27.9, 12 და 9.4 პროცენტიანი წილებით.
სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.8 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაცია და კომუნიკაციის (6.0 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.1 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც,“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.