2023 წლის სექტემბერში ნავთობის ფასი თვიურად 9.7%-ით გაიზარდა, რაც საუდის არაბეთისა და რუსეთის მიერ წარმოების შემცირების წლის ბოლომდე გაგრძელებამ გამოიწვია. ანალიტიკოსები ნავთობის ფასის 100 აშშ დოლარამდე გაზრდას ელიან, თუმცა მის ამ ნიშნულზე შენარჩუნებას ცოტა პროგნოზირებს. Goldman Sachs-ის პროგნოზით, ამერიკული ნავთობი 2023 წლის მე-4 კვარტალში 88 აშშ დოლარის ირგვლივ დასტაბილურდება, Barclays კი ევროპული ნავთობის ფასს 92 აშშ დოლარის ფარგლებში ვარაუდობს (84 აშშ დოლარი 2023 წლისთვის). ანალიტიკოსების აზრით, მოთხოვნა მცირდება (ამერიკელები ნაკლებს მგზავრობენ, ჩინეთი თავისი ნავთობის მარაგს იყენებს, ინვესტორების long პოზიციები მაქსიმუმზეა), ხოლო მიწოდება იზრდება (თუ ფასები საგრძნობლად მოიმატებს, მოსალოდნელია რომ საუდის არაბეთი გაზრდის წარმოებას).
ბუნებრივი აირის ფასები 2023 წლის სექტემბერში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 19.7%-ით გაიზარდა. მიუხედავად თვიური ზრდისა, ფასი კვირის ჭრილში 10.6%-ითაა შემცირებული, რაც ევროპაში თბილი ოქტომბრის მოლოდინითაა განპირობებული, თუმცა საბოლოო ზრდაზე გავლენა მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებულმა რისკებმა იქონიეს.
S&P Global-ის მოლოდინით, ბუნებრივ აირზე მოთხოვნა მე-4 კვარტალში მაღალი იქნება, შესაბამისად, ევროპაში მარაგები 95%-ის ნიშნულზეა. საუდის არაბეთი კი, ნავთობის შემდეგ ბუნებრივი აირის ბაზარს უერთდება – Saudi Aramco-მ MidOcean Energy-ის წილი შეისყიდა, რომელიც ავსტრალიაში ოთხ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) პროექტს აკონტროლებს. Wood Mackenzie-ს თანახმად LNG-ზე მოთხოვნა 2050 წლამდე 70%-ით გაიზრდება, ამიტომ ნავთობის სხვა მოთამაშეებიც მსხვილ ინვესტიციებს აკეთებენ ამ ბიზნესში.