შვედეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქი, იოტენე 29 მიწის ნაკვეთს კვადრატულ მეტრზე 1 კრონიდან (9 ცენტიდან) ყიდის, რაც ფინჯან ყავის ფასს უტოლდება.
CNN-ის ინფორმაციით, ქალაქი, სადაც მხოლოდ 5 ათასი ადამიანი ცხოვრობს, სკანდინავიის უდიდესი ტბის, ვენერნის სანაპიროზე მდებარეობს. ქალაქის მერი, იოჰან მენსონი აცხადებს, რომ მიწების “ამოყიდვა” ეკონომიკური ვარდნისა და სოფლის მოსახლეობის შემცირების გამო დაიწყო.
“ჩვენს რეგიონსა და, ზოგადად, შვედეთში მაღალი საპროცენტო განაკვეთებისა და მცირე რეცესიის გამო ამჟამად საბინაო ბაზარი მეტად ნელა ვითარდება, ამიტომ ბაზრის ინექცია დავიწყეთ. ასევე, დაბალ შობადობასა და მოსახლეობის დაბერებას ვაფიქსირებთ. ინციატივა ვირუსულად ვრცელდება და მერიაში სატელეფონო სადგურზე, რომელზეც ორი ადამიანი მუშაობს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ათასობით მოთხოვნა შემოდის”- აცხადებს ქალაქის მერი.
გასაყიდად გამოტანილ მიწაზე ერთადერთი მოთხოვნა ის არის, რომ მყიდველმა სახლის მშენებლობა ნაკვეთის შეძენის დღიდან ორი წლის განმავლობაში უნდა დაიწყოს. მაისიდან 30-მდე დაინტერესებული მყიდველი გამოჩნდა, მათგან ოთხმა 700-1,200 კვ.მ ფართობის ნაკვეთები უკვე შეიძინა.
დიდი მოთხოვნის გამო მერიას აგვისტომდე გაყიდვების შეჩერება მოუწია, რომ გადაეწყვიტათ, თუ როგორ გაეგრძელებინათ პროცესი. სავარაუდოდ, მიწის ნაკვეთებზე ვაჭრობა გაგრძლედება და თუ მანამდე მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლო, სამომავლოდ ეს წესები შესაძლოა, გადაიხედოს.
ცნობისთვის: იტალიის ტოსკანას რეგიონის ხელისუფლებამ ახალი პროგრამა წამოიწყო, რომელიც იქ საცხოვრებლად გადასვლის მსურველებისთვის თანხის გადახდას ითვალისწინებს. პროგრამა, სახელწოდებით, “რეზიდენცია მთებში” (Mountain Residence) ივნისში დაიწყო და რეგიონში მოსახლეობის კლების სტაბილიზაციის მცდელობის ნაწილია. სპეციალურად შექმნილი საერთო ფონდი 2, 8 მლნ ევროს შეადგენს, საიდანაც რეგიონის სოფლად დასახლების მსურველები დაფინსანსდებიან. კერძოდ, ფონდი გრანტის სახით 10,000-დან 30,000 ევრომდე გადაუხდის პირს, ვინც ტოსკანაში საცხოვრებლად გადავა და სოფლის სახლს განაახლებს, რომელშიც უნდა იცხოვროს. გრანტი სახლის რემონტის ღირებულების 50%-ს ფარავს და 5,000-ზე ნაკლები მოსახლეობის მქონე ტოსკანას 76 პატარა ქალაქს შეეხება.