წვენისა და სმუზის ბარი Ska 2023-2024 წლებისთვის, ქსელის გაფართოებას საქართველოს გარეთ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გეგმავს.
Ska Juice Bar-ი ქართული კომპანიაა, რომელიც თბილისში 2019 წელს გამოჩნდა და დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით უკვე 11 ობიექტს დედაქალაქსა და დღეს უკვე ბათუმშიც მართავს. მიმდინარე წელს მისი დამფუძნებლები თბილისში კიდევ 2 ობიექტის ამოქმედებას გეგმავენ, ხოლო მომავალ წელს 2 ფილიალით გაფართოებას ბათუმშიც აპირებენ. ჯამში Ska Juice Bar-ის ხელმძღვანელებს საქართველოში 20 ფილიალის მართვა სურთ.
BM.GE-სთან კომპანიის დირექტორი გიორგი ტალახაძე ამბობს, რომ კომპანიის მიზანი ქვეყნის შიგნით განვითარების შემდეგ, ბრენდის და პროდუქტის ქვეყნის გარეთ გატანა წარმოადგენდა.
„ჩვენი სტრატეგიული ბაზარი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებია, რადგან იქ Juice-ბარების კონცეფცია ნაკლებადაა და ეს ჩვენთვის კარგი ნიშა იქნება. ბულგარეთი, რუმინეთი, პოლონეთი, უკრაინაში შესვლა გვინდა. ვფიქრობთ, ამ გეგმის შესრულებას 2023-2024 წლისთვის შევძლებთ, რადგან ახლა ყველაფერი რეგიონში მიმდინარე მდგომარეობაზეა დამოკიდებული“, – ამბობს გიორგი ტალახაძე.
Ska Juice Bar-ის დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ გახსნილი ბათუმის ობიექტი, თბილისიდან გასვლის და ქვეყნის მასშტაბით ლოგისტიკური კავშირების დამყარების მხრივ, მათთვის კარგი მაგალითია. „ეს ჩვენთვის თბილისიდან გასვლის მინი გამოცდილება იყო, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში გაფართოების მიზნებში დაგვეხმარება“, – აღნიშნავს კომპანიის ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, დღეისთვის Ska Juice Bar-ი თბილისსა და ქუთაისში 300-მდე სამუშაო ადგილს ქმნის.