საქსტატი საწარმოებში საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, საწარმოები ძირითადად სოციალური მედიის ისეთ სახეებს იყენებენ, როგორებიცაა სოციალური ქსელი Facebook, Linkedin და ა.შ.
კვლევის მიხედვით, 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საწარმოთა მხოლოდ 31.1%-ს აქვს სოციალური ქსელები. გასულ წელთან შედარებით, ამ კომპანიების რაოდენობა 0.2%-ით არის გაზრდილი. გამოკითხულ საწარმოთა 68%-მდე მოცემულ პერიოდში სოციალური მედიის ამ საშუალებებს არ იყენებდა.
2022 წლის 1-ელი იანვრისთვის საწარმოებში დასაქმებულთა 28.8% იყენებდა საწარმოს კუთვნილ პორტატულ კომპიუტერს ან სმარტფონს, რომელიც უზრუნველყოფდა ინტერნეტთან კავშირს (მხოლოდ საწარმოს მიზნებისთვის), ხოლო იმ საწარმოთა პროცენტული წილი, რომლებიც იყენებდნენ ვებ-გვერდს, 13.4% იყო.
1-ელი იანვრის მდგომარეობით, საწარმოთა 84.2%-ს ჰქონდა ინტერნეტთან წვდომა. ამასთან, საწარმოთა 75.3% ინტერნეტთან კავშირის უზრუნველსაყოფად იყენებდა ფიქსირებული კავშირის ისეთ საშუალებებს, როგორიცაა ოპტიკურ-ბოჭკოვანი (FTTH), საკაბელო ტექნოლოგიები, DSL კავშირი (ADSL, SDSL, VDSL) და ა.შ.