სომხეთის მთავრობა ინდოეთს რუსეთთან და ევროპასთან დასაკავშირებლად საქართველოს გავლით სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სავაჭრო დერეფანს სთავაზობს, რომ ინდური პროდუქცია რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში უფრო მოკლე და სწრაფი მარშრუტით მოხვდეს. ამ ინიციატივით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანის ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრი ექსპერტები და მაღალჩინოსნები გამოვიდნენ. ინფორმაციას The Economic Times ავრცელებს.
შეთავაზებული დერეფანი ჩრდილოეთ-სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის (INSTC) პარალელურად გაივლის და ინდურ მუმბაის სამხრეთ ირანის საპორტო ქალაქ ბენდერ-აბასთან, შემდეგ კი სომხეთთან დააკავშირებს.
ოფიციალური ერევნის წინადადებით, ამ მარშრუტმა მუმბაი ევროპასთან ირანი-სომხეთი-საქართველოს ტერიტორიითა და აზერბაიჯანის გვერდის ავლით უნდა დააკავშიროს, რადგან დელის ოფიციალურ ბაქოსთან, თურქეთთან და პაკისტანთან მისი მჭიდრო კავშირის გამო, ნელთბილი ურთიერთობა აქვს.
გამოცემის შეფასებით, სომხური მხარე ფსონს იმაზე დებს, რომ ინდურ კომპანიებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ, ხოლო ირანისა და საქართველოს გავლით ევროპამდე სატრანსპორტო დერეფნის გახსნით ოფიციალური დელი დაინტერესებულია. ამდენად, სომხეთი მოლაპარაკებებს ეწევა ინდოეთთან, რომ პროექტისთვის ინდური დაფინანსება და კომპანიები მიიზიდოს. მითუმეტეს, რეგიონში სომხეთმა, აზერბაიჯანთან ომის მიუხედავად, ძლიერი ეკონომიკური ზრდა აჩვენა.
The Economic Times-ის ცნობით, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის ახალი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის პროექტი 2016 წელს ირანმა წამოაყენა, რომ ქვეყანა ევროპას სამხრეთ კავკასიის გავლით დაკავშირებოდა. მაშინ პროექტით ყველა პოტენციური მონაწილე ქვეყანა, კერძოდ, ირანი, სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, ბულგარეთი და საბერძნეთი დაინტერესდნენ, თუმცა მოლაპარაკებები კოვიდპანდემიის დროს შეჩერდა.