სთექი ხუთმა მეგობარმა, დაჩი გუბაძემ, ზვიად სიჭინავამ, დავით გავაშელმა, გიორგი ლალიაშვილმა და ირაკლი ფხაკაძემ შექმნეს. გუნდში სტარტაპის წარმატებისთვის ყველა საჭირო რგოლმა მოიყარა თავი: აქ მეწარმეც არის, დეველოპერიც და სტარტაპების სპეციალისტიც.
Stack — პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტიანსა და მოქნილს ხდის. ახალ ბრაუზერზე მუშაობა წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო და მას მსოფლიოში უკვე 30 000-მდე მომხმარებელი ჰყავს. სტარტაპ კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, მომხმარებელთა უკუკავშირით გამოიკვეთა Stack-ის მაღალი საჭიროება, რამაც მის სამომავლო განვითარებას შეუწყო ხელი.
Stack მომხმარებელს საჭირო სამუშაო, საკომუნიკაციო თუ გასართობი ვებ-აპლიკაციების “სთექებში” ანუ დასტებში დახარისხების შესაძლებლობას აძლევს.
სმარტ-ბრაუზერის მეორე უპირატესობა ვებ-აპლიკაციებთან ერთდროული მუშაობის შესაძლებლობაა — აპლიკაციების შორის გადართვა საჭირო აღარაა. ახალი ბრაუზერის მომხმარებელს დასტების თემატურად დახარისხება და მათ შორის მარტივი გადართვის შესაძლებლობაც აქვს.
ახალმა სმარტ-ბრაუზერმა დღემდე წარმატების დიდი გზა გაიარა, პროდუქტმა ჯამში 12 საერთაშორისო კონკურსზე არაერთი აღიარება მოიპოვა. TechCrunch-მა კი 1 500 პროექტიდან ქართული სმარტ-ბრაუზერი 40 საუკეთესო სტარტაპს შორის ორჯერ შეარჩია. ევროპის და გლობალურ StartUp Grind-ის კონფერენციაზე Stack TOP 25 სტარტაპს შორის დასახელდა. კომპანიამ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსების გრანტიც მოიპოვა და აქსელერაცია ავსტრიულ-ამერიკულ უმსხვილეს ბიზნეს აქსელერატორში გაიარა.