შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 21-დან 27 ივნისის ჩათვლით, თბილისის რიგით მე-14 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი გაიმართება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის და საქართველოს პირველი არხის მხარდაჭერით ხორციელდება.
„კინოფესტივალი საზეიმოდ 21 ივნისს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნება, ლევან ერისთავის და დიტო ცინცაძის ფილმით „კვაზიმოდო“ (ხანგრძლივობა: 36 წუთი, გამოშვების წელი: 1981). ფილმი გადაღებულია მერაბ აბაშიძის მოთხრობის მიხედვით – „აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!“.
თბილისის სტუდენტურ კინოფესტივალს მისი ოფიციალური პარტნიორი კინოთეატრი „ამირანი“ უმასპინძლებს, სადაც ფესტივალის საკონკურსო კინოპროგრამა დიდ ეკრანზე იქნება ნაჩვენები. ფესტივალის ოფიციალური საკონკურსო პროგრამის სელექციონერები არიან საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტები, კინომცოდნეები: ეთერ ფარჩუკიძე, ნათია ფანცულაია, საბა მახარაშვილი, თიკო მამედოვა და ბესო დარასელია. ხელმძღვანელი: მაია ლევანიძე/კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.
სელექციის შედეგად, კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს 19 ქვეყნის კინოსკოლის 31 ფილმი, რომელთა შორისაა: საქართველო, საფრანგეთი, აშშ, უნგრეთი, იტალია, პოლონეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, ბელგია, ჩილე, არგენტინა, ხორვატია, ირანი, ისრაელი, გერმანია, ჩინეთი, რუმინეთი, ბრაზილია და ავსტრია.
სტუდენტური კინოფესტივალის საკონკურსო კინოპროგრამის ოფიციალური ჟიურის წევრები არიან: ანა ურუშაძე – კინორეჟისორი; ალეკო ცაბაძე – კინორეჟისორი და სცენარისტი; ქეთევან ტრაპაიძე – კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.