თბილისის ტურისტულ ზონაში მოძრავი, ყველასათვის ცნობილი ორსართულიანი ავტობუსის მმართველი კომპანია, World Sightseeing Tbilisi ახალი გამოწვევების წინაშეა. ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური სიტუაციისა და გაზრდილი ინფლაციური მაჩვენებლის გამო, ბოლო ორ კვირაში, კომპანიას ერთდღიანი სამგზავრო ბილეთის საფასურის გაზრდა 11%-ით, ანუ 10 ლარით, 60-დან 70 ლარამდე მოუწია.
WST-ის დამფუძნებელი, გერმან ჭელიძე განმარტავს, რომ გაძვირების გადაწყვეტილების მიღება მათთვის მარტივი არ ყოფილა, თუმცა საწვავზე ფასის მატების გამო, სხვა გზა აღარ დარჩათ. აღსანიშნავია, რომ ორსართულიანი ავტობუსი ყველაზე ძვირადღირებულ, დიზელის ტიპის საწვავზე მუშაობს, რომლის ფასი 4.48 ლარამდეა.
გარდა ეკონომიკური პირობებისა, ფასის მატების განმსაზღვრელი ფაქტორი ტურისტული სექტორის ირგვლივ არსებული პრობლემებიც გახდა. 2019 წელს პოლიტიკური პროცესების, ხოლო 2020-2021 წლებში კორონავირუსის პანდემიის გამო, ვიზიტორთა რაოდენობამ, ჯამურად, 60%-ით დაიკლო. კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ მიუხედავად მიმდინარე წლის თებერვლის თვიდან რუსეთის ფედერაციიდან შემომსვლელ მოქალაქეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ისინი თანხას ტურიზმის სფეროში არ ხარჯავენ.
World Sightseeing Tbilisi ქართულ ბაზარზე უკვე წლებია, ფუნქციონირებს. წითელი, ორდონიანი ავტობუსით კომპანია ტურისტებსა და ადგილობრივებს, თბილისის მასშტაბით არსებულ მთავარ ტურისტულ ზონებში ემსახურება. მარშრუტი მოიცავს აბანოთუბანს, მეტეხის ხიდს, ევროპის მოედანს, რიყის პარკის ტერიტორიას, კოტე აფხაზის (ყოფ. ლესელიძის), თავისუფლების მოედანს, რუსთაველის გამზირსა და ბარათაშვილის ქუჩას.