პარლამენტმა სამივე მოსმენით მხარი დაუჭირა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ძაღლის ღია სივრცეში – მათ შორის ბულვარში, პარკებსა და სკვერებში საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლაზე პასუხისმგებლობა მკაცრდება.
მიღებული ცვლილებების თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში ყოლა (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა), გაფრთხილების ან 20-ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა).ამავე ცვლილებების გათვალისწინებით, თვითმმართველი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა.
ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 50 ლარისა.