განათლების მინისტრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 47 ათასზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. ამილახვარის განცხადებით, ქვეყნის 12 ქალაქში სრულად არის მომზადებული 24 საგამოცდო ცენტრი, რომელიც ყველა ინვენტარით არის აღჭურვილი.
„დარეგისტრირებულია 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი. ქვეყნის 12 ქალაქში სრულად გაშლილი და მომზადებულია 24 საგამოცდო ცენტრი, რომელიც აღჭურვილია ყველა ინვენტარით, გაგრილების სისტემებით და ყველა იმ საშუალებებით, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენმა აბიტურიენტებმა მშვიდ გარემოში გამოავლინონ თავიანთი ცოდნის მაქსიმუმი და მიიღონ უმაღლესი ქულები. მინდა თითოეულ აბიტურიენტს წარმატება ვუსურვო. სრული გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ მათ შეძლონ მშვიდად თავიანთი ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენა, მინდა თითოეულ მათგანს ვუსურვო იმ უნივერსიტეტში მოხვედრა, რომელიც არჩეული აქვთ“,-განაცხადა ამილახვარმა.
3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.