ევროპის საფონდო ბირჯებზე გაზის ფასი ათას კუბურ მეტრზე 450 დოლარამდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2021 წლის ივლისის შემდეგ. დღის განმავლობაში კი ბუნებრივი აირის ფასმა ჯამში 6% იკლო. აპრილის ფიუჩერსების ღირებულება კი ნიდერლანდების TTF ჰაბში 457 დოლარამდე დაეცა 1000 კუბურ მეტრზე.
გაზის ფასების კლება მიმდინარე სეზონზე რეგიონში საკმაოდ თბილი ამინდის ფონზე ხდება, მიუხედავად მოსალოდნელი გარკვეული სიცივისა მომდევნო კვირაში.
წელიწადის ამ დროისთვის ისტორიულ მაქსიმუმზეა ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებულ გაზსაცავებში არსებული გაზის მარაგები. ამჟამად ევროპაში საცავების შევსების მაჩვენებელი 59,24%-მდეა (21,17 პროცენტული პუნქტით მეტი ამ დროის საშუალო მაჩვენებელზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში), რაც მოცულობაში 64,32 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.