სულხან ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ფიტნეს ცენტრმა „ფიტ ლაინ სპორტმა“ კაფე გახსნა. ობიექტი მომხმარებელს ჯანსაღ მზა კვებას, პროტეინებს, შეიკებსა და სმუზებს სთავაზობს.
როგორც „ფიტ ლაინ სპორტის“ მენეჯერი გიორგი შველიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, კაფეს მთავარი კონცეფცია სრულად ჯანსაღი კვებაა და ობიექტი გაყინულ პროდუქციას არ იყენებს.
„სულ რამდენიმე თვეა, რაც კაფე გავხსენით. ობიექტი ჯანსაღ კვებაზეა გათვლილი და ჩვენი მომხმარებლის სურვილებთან სრულიად თანხვედრაშია. მენიუ ჯანსაღ მზა კვებას, პროტეინებს, შეიკებს, სმუზებს აერთიანებს. კაფე ჩვენი ფიტნეს ცენტრის მომხმარებლის გარდა, ნებისმიერ ადამიანს მასპინძლობს“ – აღნიშნავს გიორგი შველიძე.
„ფიტ ლაინ სპორტის“ კაფე საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გაიხსნა, კერძოდ, პროექტის ჯამური ღირებულებიდან, რომელიც 1 009 000 ლარს შეადგენს, ბანკის მიერ გამოყოფილმა ფინანსურმა რესურსმა 80% შეადგინა.
გარდა კაფესა, „ფიტ ლაინ სპორტის“ მენეჯერის თქმით, საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია სოლარიუმისა და ესთეტიკური ოთახის განახლებას, კეთილმოწყობას, დარბაზის სარემონტო სამუშაოებს, ტრენაჟორების შეძენას მოხმარდა.
„ეს ორ სართულიანი კომპლექსია, პირველი სართული კი საერთოდ არ ფუნქციონირებდა. ბანკთან თანამშრომლობით პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, მოეწყო სამზარეულო, განახლდა სოლარიუმის ოთახი, დარბაზი, ტრენაჟორები, შემოსასვლელი სივრცეები და ადმინისტრაციის განყოფილება, კაფე და ტერასა“ – განმარტავს ის.
ინფორმაციისთვის: „ფიტ ლაინ სპორტი“ დაახლოებით 2015 წლიდან ფუნქციონირებს. ობიექტი სავარჯიშო დარბაზს, სოლარიუმს, ესთეტიკური მომსახურების სივრცეს და კაფეს აერთიანებს. ფიტნეს ცენტრს ამ დროისთვის 300-400-მდე თანამშრომელი ჰყავს. დარბაზი კი 30-მდე ტრენაჟორს მოიცავს.