“ფქვილის იმპორტი დაახლოებით, 60-70%-ით შემცირდება” – აცხადებს ფქვილის ერთ-ერთი იმპორტიორი, თენგიზ ფაცაცია
როგორც ცნობილია, 12 ივნისიდან საქართველოში იმპორტირებულ ფქვილთან მიმართებით დროებითი მოსაკრებელი დაწესდა.
„ფქვილზე მოთხოვნა ამ ეტაპზე შემცირებული არ არის. ითვლება, რომ იმპორტიორები ქვეყნის ეკონომიკაში არ არიან იმდენად სასიკეთო როლის შემტანი და ამ ეტაპზე ხელოვნური ბარიერით გაგვირთულეს ფქვილის შემოტანა. გასაგებია, რომ ეს არ არის ჩვენთვის სასურველი მოცემულობა, თუმცა ჩაითვალა, რომ გამოუვალი აუცილებლობა იყო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ წისქვილებიც რეალურად იმპორტიორები არიან და ისინიც, რუსულ ნედლეულს ამუშავებენ. არც ერთს, საქართველოში, ერთი ჰექტარი მიწა არ აქვს. რთულია თქმა, რა შეიძლება იყოს გამოსავალი, სანამ რუსეთს ხორბალზე საბაჟო გადასახადი აქვს დაწესებული, იქამდე არ ველოდები, რომ ჩვენთან გადასახადი მოიხსნება, თუნდაც ახლა დათქმული 5 თვის შემდეგ. მეორეს მხრივ, არ არის გამორიცხული, რუსეთმა კიდევ გაზარდოს ხორბლის გადასახადი, რომ დაწესების მომენტში არსებულ პირველად მიზანს მიაღწიოს.
ახლა, ამ დროებითი სარკისებრი გადასახადის პირობებში, ჩვენი პერსპექტივა ბევრი არაფერია, ფქვილის იმპორტი დაახლოებით 60-70%-ით შემცირდება, მაგრამ გაჩერებით არ გაჩერდება“, – განაცხადა თენგიზ ფაცაცია
საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასური დაწესდა. ნორმა 12 ივნისიდან ამოქმედდა და ძალაში 5 თვე იქნება. ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია და ადგილობრივი მემარცვლე ფერმერები გადაწყვეტილების მიღებას ხელისუფლებისგან დიდი ხანია ითხოვდნენ.