ფრანგული მაღაზიები ქვითრების ანუ ჩეკების გაცემას შეწყვეტენ. „ევროპულსი“
ფრანგები მეტროს ბილეთების შემდეგ ქაღალდის ქვითრებსაც აუქმებენ. გადახდის დროს ჩეკები ავტომატურად აღარ გაიცემა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მყიდველი შეძლებს, ის მოითხოვოს. მთავრობის განცხადებით, ჩეკების გაუქმება არა მხოლოდ ქაღალდის, არამედ საბეჭდი მელნის წარმოებას შეამცირებს, რომლის დამზადებაც გარემოს ზიანს აყენებს.ბანკ LCI-ის მონაცემებით, საფრანგეთში ჩეკების დასაბეჭდად ყოველწლიურად, დაახლოებით, 30 მილიარდი ქაღალდის ფურცელი იხარჯება, რომლის წარმოებისთვისაც 2,5 მილიონი ხე იჭრება. ამასთან, მყიდველების უმეტესობა მიღებულ ჩეკს დაუყოვნებლივ აგდებს. The Guardian ოქტომბერში წერდა, რომ საფრანგეთის მეტროპოლიტენი მგზავრობის თანამედროვე სისტემაზე გადადის და პარიზის მეტროში ქაღალდის ერთჯერად ბილეთებს აუქმებს, რაც 120 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედებდა. პარიზის მეტროპოლიტენის ბილეთები, თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში ცნობილი გახდა და მე-20 საუკუნის ბევრ ფილმშიც მოხვდა. ბილეთის გაუქმება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო გადახდის თანამედროვე ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა 2025 წელს დასრულდება.