„ახლა გორში არის ასეთი სიტუაცია – ფერმერები ვაშლს ყრიან, მაგრამ იმპორტით ვაშლი მაინც შემოდის,“ – ამის შესახებ გადაცემაში „საქმე“ ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა.
2023 წლის 3 თვეში საქართველომ 415.7 ათასი აშშ დოლარის 1 002 ტონა ვაშლი იყიდა. აქედან, შედარებით დიდი ოდენობით, 278.70 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 722 ტონა თურქეთიდან.
იმპორტიორ ქვეყნებს შორისაა ასევე:
უკრაინა – 93.30 ათასი აშშ დოლარი (243 ტონა);
ნიდერლანდები – 29,85 ათასი აშშ დოლარი (17 ტონა);
მოლდოვა – 13.84 ათასი აშშ დოლარი (20 ტონა).
მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში საქართველომ 1 კგ. ვაშლი საშუალოდ 0,42 დოლარად იყიდა, რაც იმ პერიოდისვე მონაცემებით, დაახლოებით 1-1.10 ლარის ფარგლებშია. იმპორტირებული ვაშლის ღირებულება კი სუპერმარკეტებში საშუალოდ 3 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ყველა ლოჯისტიკური და საგადასახადო ხარჯების გათვალისწინებით, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული ვაშლი მაინც მაღალი ფასნამატით იყიდება და კილოგრამის შემთხვევაში მინიმუმ 200%-ს შეადგენს.