Nokia-ს ახალი მოდელის შეკეთებას მომხმარებელი დამოუკიდებლად შეძლებენ – ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
მწარმოებლებმა ტელეფონი სპეციალური ხელსაწყოებითა და დეტალური სარემონტო ინსტრუქციით აღჭურვეს, რისი საშუალებითაც მომხმარებელი რამდენიმე დეტალის, მათ შორის უკანა საფარის, ბატარეის, ეკრანისა და დამტენი პორტის შეცვლას დამოუკიდებლად შეძლებს.
შესაცვლელი დეტალები მომხმარებელმა ცალკე უნდა შეიძინოს, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ გაფუჭების შემთხვევაში ტელეფონის დამოუკიდებლად შეკეთება მას, ახლის შეძენასთან შედარებით, საშუალოდ, 30%-ით ნაკლები დაუჯდება.
ევროკავშირი 2024 წლის შემოდგომისთვის ტექნოლოგიების მწარმოებლებს, მათ შორის Apple-ს კანონიერად დაავალდებულებს, ტელეფონები, პლანშეტები და ყურსასმენები დამუხტვის საერთო USB-C-კონექტორით დაამზადონ.
ევროპელმა მეცნიერებმა მარტივი შეკეთების შეფასების სისტემა შეიმუშავეს, რომელიც წარმოადგენს ერთგვარ ტექნიკურ ცნობარს ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებლებისთვის, რათა მათ ახალი პროდუქტები განავითარონ.
ელექტრონივთების შეკეთება ევროკავშირის ე.წ. ციკლური ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომლის ამოცანაც ბუნებრივი რესურსების გამოყენების შემცირებაა. „ევროპის მწვანე შეთანხმების“ (European Green Deal) ფარგლებში, ევროკავშირმა ციკლური ეკონომიკის შექმნა 2020 წელს დაისახა მიზნად, რომლის დროსაც ყველა სახის რესურსი მეორადად და რაც შეიძლება, დიდხანს უნდა იქნეს გამოყენებული. სარემონტო მომსახურების გარდა, ამ მიზნით ევროპაში ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმოები ვითარდება და ერთჯერადი პლასტმასის არაერთი ნაწარმის გაყიდვა იკრძალება.
„ევროპის მწვანე შეთანხმების“ (European Green Deal) ფარგლებში, ციკლურ ეკონომიკაზე გადასვლაზე ევროკავშირის ბევრი ქვეყანა აქტიურად მუშაობს. კერძოდ, ფინეთი ციკლურ ეკონომიკაზე გადასვლას 2035 წლისთვის აპირებს.