1 გბ მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულების მიხედვით, საქართველო 233 ქვეყნიდან 2022 წელს 77-ე ადგილზე იყო. ინფორმაცია ამის შესახებ ბრიტანული ანალიტიკური რესურს Cable-ის ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც cable.co.uk- აქვეყნებს.
2022 წელს საქართველოში 1 გბ მობილური ინტერნეტის საშუალო ფასი 3,04 ლარი იყო, რაც კვლევის დროინდელი, ანუ 2022 წლის ივლისის გაცვილითი კურსის მიხედვით, 1,03 დოლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ მეზობელი ქვეყნებიდან საქართველო ამ მხირვ მხოლოდ აზერბაიჯანს უსწრებს, რომელიც 1,76-დოლარიანი ფასით 122-ე ადგილზეა. 65-ე ადგილზეა სომხეთი, სადაც 2022 წელს 1 გბ მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება 0,91 დოლარს შეადგენდა. სომხეთთან შედარებით, სიაში 2-ჯერ მეტად დაწინაურებულია რუსეთი, რომელიც 0,48 დოლარით 30-ე ადგილს იკავებს. რაც შეეხება თურქეთს, ქვეყანა 0,39-დოლარიანი ფასით მე-18 ადგილზეა.
საქართველოსთან ანალოგიური მაჩვენებელი აქვს კონგოს, სადაც გასულ წელს 1 გბ მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება, ასევე, 1,03 დოლარი იყო. დოლარიანი და დოლარზე ოდნავ მეტი მაჩვენებლით საქართველოზე წინ არიან ეთიოპია (1 დოლარი), ეკვადორი (ასევე, 1 დოლარი), ისლანდია (1,01 დოლარი) და პერუ (ასევე, 1,01 დოლარი).
იაფი მობილური ინტერნეტის მქონე ქვეყნები:
- ისრაელი – 0,04 დოლარი
- იტალია – 0,12 დოლარი
- სან მარინო – 0,14 დოლარი
- ფიჯი – 0-15 დოლარი
- ინდოეთი და ყირგიზეთი – 0,17 დოლარი
- საფრანგეთი – 0,23 დოლარი
- მოლდოვა – 0,26 დოლარი
- ურუგვაი, ნეპალი და შრი-ლანკა – 0,27 დოლარი
- ბანგლადეში – 0,32 დოლარი
- პაკისტანი – 0,36 დოლარი
კვლევის მიხედვით ქვეყნებში, რომლებსაც კარგი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელები და მობილური, ასევე, ფიქსირებული ფართოზოლოვანი წვდომისთვის განვითარებული ინფრასტრუქტურა აქვთ, პროვაიდერებსა და მობილურ ოპერატორებს საშუალებას აქვთ, აბონენტებს ტრაფიკის უფრო დიდი პაკეტები შესთავაზონ. აქედან გამომდინარე, გერმანიაში 1 გბ მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება 2022 წელს 2,67 დოლარი იყო და სიაში 156-ე ადგილზეა, იაპონიაში (182) – 3,85 დოლარი, საბერძნეთში (198) – 5,30 დოლარი, ხოლო აშშ-ში (202) – 5,62 დოლარი.