ილონ მასკმა Twitter-ის შესყიდვის პროცესი დაასრულა და კომპანიაზე კონტროლის დაწესების შემდეგ რამდენიმე ხელმძღვანელი, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავა და ფინანსური ხელმძღვანელი ნედ სეგალი გაათავისუფლა.
მასკს, Twitter-ის 44 მილიარდ დოლარად შეძენის გარიგება პარასკევამდე უნდა დაესრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კომპანიასთან სასამართლო ბრძოლა მოუწევდა.
აპრილში „ტვიტერმა“ მიიღო მასკის შეთავაზება სოციალური ქსელის სერვისის შესყიდვასთან დაკავშირებით, მაგრამ მოგვიანებით მასკმა შესყიდვა შეაჩერა. ბიზნესმენმა მაშინ განაცხადა, რომ გარიგება შეჩერებულია, ვიდრე იგი არ მიიღებს ინფორმაციას ამ სოციალურ ქსელში არსებული ყალბი ანგარიშების რაოდენობის თაობაზე. ამის შემდეგ „ტვიტერმა“ ილონ მასკს უჩივლა. დელავერის სასამართლოს მოსამართლემ დაადგინა, რომ მასკს 28 ოქტომბრამდე ჰქონდა ვადა „ტვიტერის“ შეთანხმების განსახორციელებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლო პროცესი ელოდა.