საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსმა 2022 წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, 13.3%-ით მოიმატა, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 12.7%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 15.9%-ით გაიზარდა. ამის შესახებ აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის ანგარიშში.
ანგარიშის მიხედვით, თვის ინდექსი ყველაზე მაღალი სამცხე-ჯავახეთსა (30.1%) და აჭარაში (22%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი კახეთში (1.6%).
რაც შეეხება წინა წლის ივლისთან შედარებით ფასების ინდექსს, აქ ზრდა 13%-ია, მათ შორის 3, 4 და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 12.2%-ით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 20.2%-ით გაიზარდა.
PMC კვლევითი ცენტრის ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის ივლისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 173 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 276 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა ივლისში 118 ლარი შეადგინა.