კრის ჯენერმა და მისმა ქალიშვილებმა ისარგებლეს სწრაფად განვითარებადი სოციალური მედიისა და პერსონალური ბრენდინგის სამყაროთი და ნამდვილი იმპერია შექმნეს, რომელიც მილიარდდოლარიან მაკიაჟის კომპანიას და ტანსაცმლის რამდენიმე ხაზს მოიცავს.
მარტივია იმის თქმა, რომ წარმატება, რომელსაც ვარსკვლავურმა ოჯახმა მიაღწია, ნებისმიერი ადამიანისთვის შესაძლებელი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლაც ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, თითქოს კარდაშიანები „ცნობილები არაფრის კეთებით არიან“, ფაქტია, რომ ამ ადამიანებმა შექმნეს მილიარდიანი იმპერია, ინტერპერსონალურმა კონფლიქტებმა, სასიყვარულო ურთიერთობებმა და ცხოვრებისეულმა ცვლილებებმა კი კარდაშიანები მაყურებელთან უფრო დააახლოვა.
2010 წელს კრის ჯენერმა თამამი პროგნოზი გააკეთა. როდესაც Los Angeles Times-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, საკუთარ ოჯახს სად ხედავდა, მან უპასუხა, რომ ამ დროს რეალითი შოუს 24-ე სეზონი გამოვიდოდა და მისი ქალიშვილი კაილი დაქორწინდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კაილი საკუთარი შვილის მამას, რეპერ ტრევის სკოტს დაშორდა და შოუ 24-ე სეზონამდე ვერ მივა, კრისის პროგნოზები ნამდვილად გამართლდა. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯენერის ინსტინქტები ათწლეულის განმსაზღვრელია, მისი გონივრული და გულმოდგინე მენეჯმენტის წყალობით, მისი ქალიშვილები არა მხოლოდ ცნობილი სახეები გახდნენ, არამედ „კულტურულ ხატებად“ იქცნენ.
კარდაშიანები წლების განმავლობაში ადგენდნენ სილამაზის ახალ სტანდარტს. მიუხედავად იმისა, რომ პლასტიკური ქირურგია დიდი ხანია ჰოლივუდის სიმდიდრისა და გლამურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ოჯახის მტკიცებით მათი მუდმივად ცვალებადი სხეული არა ქირურგიული ჩარევის, არამედ ინსტაგრამის ფილტრებით, მაკიაჟით, ფილერებით, კანის შემავსებლებით და სპეციალური კრემებითაა შეცვლილი. საზოგადოების აზრით, მტკიცება სასაცილოა, თუმცა ამავდროულად, გონივრულიც. ცნობილი ადამიანებისა და ინფლუენსერებისთვის ხომ ისეთი პროდუქტების შექმნა, რომლებიც მათ სახელს ატარებს, ყველაზე ხელსაყრელია. კარდაშიანებმა საკუთარი კომპანიებით მილიარდები გამოიმუშავეს. სოციალური ქსელები კი მათი მსხვილი კორპორაციების მარაგის დატვირთვას უწყობს ხელს.1
KUWTK-ის დასრულება ნიშნავს ეპოქის დასასრულს ისეთი ადამიანებისთვისაც კი, რომლებიც რეალითი შოუს მაყურებლები არ ყოფილან. ოჯახის გავლენა საზოგადოებაზე, სოციალურ მედიაში, ელექტრონულ კომერციაში, ჟურნალების გარეკანებსა და სავაჭრო ცენტრებშიც კი იგრძნობა. ულევი კრიტიკის მიუხედავად, აღსანიშნავია ფაქტი, რომ ოჯახი საზოგადოების დაინტერესებას პირადი ცხოვრების ინტიმური დეტალებით წლების განმავლობაში ახერხებდა და ყველაფრის მიუხედავად, პოპულარობას არ კარგავდა.
ოჯახმა რამდენიმე კვირის წინ ახალი სეზონის გამოსვლა დაანონსა, რამაც მათი გულშემატკივრებისა და მაყურებლების გააქტიურება გამოიწვია.