ხელოვნური ინტელექტის სმარტფონები – სმარტფონებისა და მობილური ტელეფონების მწარმოებლები უკვე აქტიურად მუშაობენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის ტელეფონებში დანერგვაზე.
OpenAI-ის ChatGPT, რომელიც 2022 წლის ბოლოს გამოვიდა, ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში მთავარ რევოლუციონერად ითვლება, მას უკვე შეუძლია ყველა ტიპის აუდიო, ვიზუალური და ტექსტური კონტენტის შექმნა და გენერირება.
Mobile World Congress-ზე, რომელიც 26 თებერვალს, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაიმართება, სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიები სწორედ ხელოვნური ინტელექტის სმარტფონებში დანერგვაზე ისაუბრებენ.
CNBC-სთან საუბარში ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილ სმარტფონებს სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე ჩიპები დასჭირდებათ, რომელთა წარმოებაც უკვე დაიწყეს Qualcomm-მა და MideaTek-მა. ჩამოთვლილი კომპანიები გამოუშვებენ სმარტფონის ჩიპსეტებს, რომლებიც სრულად დაკმაყოფილებენ AI აპლიკაციებისთვის საჭირო სიმძლავრის მოხოვნას.
ტელეფონების შიგნით AI ტექნოლოგიის ჩაშენება სიახლე ნამდვილად არ არის, ვინაიდან სხვადასხვა კომპანიები, როგორიცაა Samsung და Apple უკვე წლებია, რაც შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომ ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ თავიანთი ანდროიდ და IOS სისტემების გასამართად.
სმარტფონების მწარმოებლები აცხადებენ, რომ AI აუმჯობესებს სისტემის უსაფრთხოებას, სრულად აჩქარებს მის მუშაობას და ახალ აპლიკაციებზე წვდომის მოპოვების საშუალებას იძლევა.
CCS Insight-ის მთავარი ანალიტიკოსი, ბენ ვუდი CNBC-სთან საუბარში ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, სმარტფონები ბევრად უფრო ჭკვიანები გახდებიან, მოწყობილობა ინტუიციური იქნება და შეძლებს იმის განსაზღვრას, თუ რისი გაკეთება ენდომება მომხმარებელს შემდგომში.