2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში საქართველოს ეროვნული ნაკრების და ნეაპოლური “ნაპოლის” შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა, რომელმაც €80-მილიონიანი საბაზრო ღირებულებით 28-ე ადგილი დაიკავა. ამგვარად, ქართველმა ისეთ ცნობილ ახალგაზრდა ფეხბურთელებს გაუსწრო, როგორიცაა ნიკო უილიამსი, დარვინ ნუნიესი, კაი ჰავერცი და მარკუს რაშფორდი.
Transfermarkt-ის რეიტინგის პირველიდან მეოთხე ადგილის ჩათვლით ოთხი ფეხბურთელია, რომელთა შეფასება იდენტურია. ოთხეულში მადრიდის “რეალის” სამი ფეხბურთელი – ინგლისელი ჯუდ ბელინგემი, ბრაზილიელი ვინისიუს ჟუნიორი, ფრანგი კილიან მბაპე და “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი, ერლინგ ჰალანდი მოხვდნენ. მეხუთე ადგილს ამავე გუნდის შემტევი ნახევარმცველი, ფილ ფოდენი დასჯერდა, რომელსაც Transfermarkt-ი €150 მილიონად აფასებს.