კომპანია „შოკოლაბის“ დამფუძნებლის მარიამ ედილაშვილი-ტყემალაძის განცხადებით:
„საქართველოს რუკის ფორმის შოკოლადის შექმნის იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა და სულ ორი კვირაა, რაც გაყიდვაში ჩავუშვით. ახალი პროდუქტის მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაა. ვფიქრობთ, ჩამოსულ ტურისტებს ისინი საქართველოში გატარებულ ტკბილ დროს გაახსენებს.ჯერ თამამად ვერ ვიტყვი, რამდენად მოთხოვნადი იქნება შოკოლადი. უკვე საკმაო კრიტიკაც მოჰყვა, რასაც ველოდით კიდეც. ზოგისთვის მიუღებელია საქართველოს რუკის საკვებად ქცევა, თუმცა ვერ ხედავენ, რომ ეს საქართველოზე ცნობადობის ამაღლებას ემსახურება“.
გარდა რუკის ფორმის შოკოლადისა, „შოკოლაბის“ დამფუძნებლის თქმით, კომპანია მრავალფეროვან პროდუქციას აწარმოებს.
„სხვადასხვა სახის ტკბილეულის დასამზადებლად უმაღლესი ხარისხის ნედლეულს ვიყენებთ: ბელგიურ და იტალიურ შოკოლადსა და ქართულ თხილეულსა და ჩირეულს. ვაწარმოებთ თემატურ ფილებს, საბავშვო ფიგურებს, მენდიანტებს, ტრუფელებს, ბონბონებსა და ლოლიპოპებს.
რეალიზება ძირითადად ონლაინ პლატფორმებით ხდება, თუმცა შოკოლადი რამდენიმე ტურისტულ მაღაზიაშიც შეგვაქვს და ვგეგმავთ, რომ სავაჭრო არეალი გავზარდოთ. ტკბილეულის ფასი იწყება 3-ლარიდან და იზრდება შიგთავსის, წონისა და შეფუთვის მიხედვით“.
კომპანია ამ ეტაპზე ოთხ ადამიანს ასაქმებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ხშირად ხდება დამატებითი კადრების მობილიზება.