კრიპტობირჟა, Binance ახალ ბლოკჩეინ-ჰაბს ვებგვერდზე დღეს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს „რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ ქვეყნად“ მოიხსენიებს.
კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას, ქვეყნის კრიპტოინდუსტრიის განვითარებაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. Binance-ში აცხადებენ, რომ ჰაბის მეშვეობით საქართველოში დასაქმების პროგრამას კიდევ უფრო განავითარებენ და რეგიონულ წარმომადგენლობას კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ.
პროექტის ფარგლებში Binance იმედოვნებს, რომ ბლოკჩეინის სექტორში უფრო მეტ სპეციალისტს მიიზიდავს, ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროგრამებსა და ქართული კრიპტოინდუსტრიის საერთო განვითარებას. ამჟამად Binance-ის ადგილობრივი გუნდი 25 ადამიანს ითვლის, თუმცა კომპანია გეგმავს, წლის ბოლომდე დამატებით „ათობით სამუშაო ადგილი“ შექმნას.
Binance-ის ხელმძღვანელი, ჩანპენგ ჟაო საქართველოში 2022 წლის ნოემბერში იმყოფებოდა, ხოლო წელს ხუთ ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. კრიპტობირჟამ და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სახელმწიფო სააგენტომ (GITA) პარტნიორობის შეთანხმება გააფორმეს. კერძოდ, GITA მხარს დაუჭერს Binance-ის ინიციატივებს, რომლებიც საქართველოში ციფრული აქტივების ინდუსტრიის განვითარება-დაჩქარებისკენ იქნება მიმართული.
„Binance-ისთვის საქართველო მნიშვნელოვანი წერტილია თავის რუკაზე. დღემდე სამი სათემო შეხვედრა ჩავატარეთ, რომელშიც 2000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. როგორც კრიპტოსაზოგადოების, ისე ბიზნესის მხრიდან ციფრული აქტივების განვითარების უზარმაზარ პოტენციალსა და ინტერესს ვხედავთ,“ – აცხადებს Binance-ის რეგიონალური დირექტორი ვლადიმერ სმერკისი.