2023 წლის მაისამდე ქართული თაფლი ექსპორტზე აღარ გავა, მიზეზი ამ დროისთვის ბაზარზე თაფლის დეფიციტია, რაც გასული წლის დიდმა მოთხოვნამ განაპირობა – თაფლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალეკო პაპავა
„თებერვალში გავიდა ქვეყნიდან ბოლო 20 ტონა და მაისამდე ექსპორტი არ იქნება, ანუ იქამდე, სანამ ახალი მოსავლის მიღებას დავიწყებთ. ბაზარზე ამ ეტაპზე თაფლის დეფიციტია. გასულ წელს თაფლზე გაზრდილი იყო მოთხოვნა როგორც ევროკავშირიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან, მზარდი იყო შიდა მოხმარებაც.
2022 წელს თაფლის ექსპორტის 90%-ზე მეტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განხორციელდა. ინტერესი არის სხვა ქვეყნებიდანაც. რაც მეტი თაფლი გადის საქართველოდან, პროპორციულად მზარდია მოთხოვნა და ინტერესიც. 500 ტონით მეტი რომ გვქონოდა, ისიც უპრობლემოდ გაიყიდებოდა ექსპორტზე. ევროკავშირი ჩვენგან ძირითადად აკაციის თაფლს ითხოვს და ამის კონკრეტული რესურსი გვაქვს და ზღვარზე მეტი მიწოდებაც ვერ მოხდება, შესაბამისად, ველოდებით გაზაფხულს, რომელიც იმედია, უკეთესი იქნება კლიმატურად, ვიდრე 2022″, – განაცხადა პაპავამ ,,ბიზნესპრესნიუსთან”.
2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 1.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 258.1 ტონა თაფლი გავიდა, 2023 წლის სამიზნე მაჩვენებელი კი, ასოციაციისთვის 500 ტონაა. რაც შეეხება წლის დასაწყისს, 2023 წლის იანვარში უცხოეთში მხოლოდ 0,72 ტონა თაფლი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 22.5 ათასი ტონა.