PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მაისში სასტუმროს ფასების ინდექსი აპრილთან შედარებით 8.1%-ით გაიზარდა. ყოველთვიური ინდექსი ყველაზე მაღალი გურიასა (22.3%) და აჭარაში (10.9%) აღმოჩნდა, ყველაზე ნაკლები კი – რაჭაში (-15.6%). გასული წლის მაისთან შედარებით სასტუმროების ფასების ინდექსი 9%-ით არის გაზრდილი. წლიური ინდექსი ყველაზე მაღალი იყო შიდა ქართლსა (28.8%) და კახეთში (21.4%) ყველაზე ნაკლები კი – აჭარაში (-9.8%).
2022 წლის მაისში საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 148 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 255 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მაისში 105 ლარი შეადგინა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა მაისში 468 ლარი შეადგინა. კახეთში ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 581 ლარი შეადგინა, თბილისში – 558, გურიაში – 447, ხოლო აჭარაში – 457 ლარი.
შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად. სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3*, 4*, 5* სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი).
3*, 4* და 5* სასტუმროების ფასებზე მონაცემების მიღება ხდება სასტუმროებთან დაკავშირების საფუძველზე, ხოლო საოჯახო სასტუმროების ფასებზე ინფორმაციის წყარო booking.com-ია.
საშუალო ფასები გამოითვლება სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების დღიური განაკვეთების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.