25 აპრილიდან, მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოქალაქეებს ორ ეტაპად მოუწევთ, რაც პრაქტიკული მართვის გამოცდის როგორც – საგამოცდო, ასევე რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარებას გულისხმობს, შესაბამისად, იზრდება გამოცდაზე გასვლის საფასურიც და თუკი აქამდე თეორიული ნაწილის ჩასაბარებლად საფასური 40 ლარი იყო, ერთ კვირაში, მომავალ მძღოლებს დამატებით, კიდევ 90 ლარის გადახდა მოუწევთ ანუ გამოდის, რომ თეორიული და პრაქტიკული გამოცდის პირველი ნაწილი 40 ლარი რჩება და ამას დაემატება 90 ლარი უკვე მეორე ეტაპზე.
გარდა ამისა, თუკი დღეს თეორიულ გამოცდაზე მეორე გასვლის შემთხვევაში საფასური 40 ლარს შეადგენს, ხოლო პრაქტიკულ ნაწილში ხუთი უფასო გასვლა გვეკუთვნის, რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, კანდიდატი, რომელიც პირველ ცდაზე ვერ ჩააბარებს, კვლავ 90 ლარის გადახდა მოუწევს.
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი მართვის მოწმობის ასაღებად თანხის მატებასა და ასევე გამოცდის რეალურ სივრცეში გადატანას, ანუ მეორე ეტაპის დამატებას პოზიტიურად აფასებს და ამბობს, რომ ეს იქნება ბიძგი ადამიანებისთვის, რომ უკეთ მოემზადონ და მათ აღარ უნდა სჭირდებოდეთ გამოცდაზე რამდენჯერმე გასვლა, ასევე რეგულაცია ქვეყანაში საგზაო მოძრაობას გააუმჯობესებს.