გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტის „Best Tourism Villages by UNWTO“ -ის ერთ-ერთი გამარჯვებული მესტიაა. მესტია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი 57 ქვეყნის 130-ზე მეტი დანიშნულების ადგილის აპლიკაციას შორის შეირჩა, რაც უდიდეს მიღწევას წარმოადგენს.
პროექტის ფარგლებში, „Best Tourism Villages by UNWTO“-ის გამარჯვებულ ლოკაციას, ეძლევა შესაძლებლობა გახდეს სოფლის ტურიზმის განვითარების მიმართულებით წამყვანი დანიშნულების ადგილების გლობალური ქსელის ნაწილი, რაც იძლევა კარგ საშუალებას მის წევრებს შორის მოხდეს საუკეთესო გამოცდილების ურთიერთგაზიარება.
„Best Tourism Villages by UNWTO“-ის პროექტი წარმოადგენს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებულის სტატუსი ენიჭება გამორჩეული დანიშნულების ადგილების მქონე ლოკაციებს; მიმართულებას, სადაც სანიმუშოდ ვითარდება სოფლის ტურიზმი, გააჩნია აღიარებული კულტურული და ბუნებრივი რესურსები და ამასთანავე აქტიურად და ეფექტიანად ხდება ადგილობრივი საზოგადოების ძირითად ღირებულებებზე და ცხოვრების წესზე დაფუძნებული ინტერესების და საჭიროებების უზრუნველყოფა. „Best Tourism Villages by UNWTO“-ის ნომინაციაში გამარჯვებულ სოფლებს გააჩნია ტურიზმის მდგრადი განვითარების ნათელი ხედვა, რაც მიმართულია ადგილობრივი საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური განვითარებისკენ.
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, პროექტში გამარჯვებულებს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, რომ ტურიზმი გახდეს მისი მდგრადი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალა, როგორც ეკონომიკური და სოციალური, ასევე ეკოლოგიური მიმართულებით.