მოლდოვის პარლამენტმა მეორე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციასა და სხვა კანონებში სახელმწიფო ენის სახელწოდება მოლდოვურიდან რუმინულად შეიცვლება. ინფორმაციას Newsmaker.md ავრცელებს.
ამ გადაწყვეტილებას 101 დეპუტატიდან 58-მა დაუჭირა მხარი. პროექტის მისაღებად სწორედ მოქმედი პარლამენტარების ხმების უმრავლესობა იყო საჭირო. კანონპროექტის ინიციატორი მმართველი პარტიის, „მოქმედება და სოლიდარობის“ (PAS) დეპუტატები კენჭისყრის შედეგებს „ბრავოს“ შეძახილებით შეხვდნენ.
კანონპროექტს კომუნისტებისა და სოციალისტების ფრაქცია ეწინააღმდეგებოდა. დეპუტატები სხდომაზე პლაკატებით მივიდნენ, რომლებზეც ეწერა: „მოლდოვის კონსტიტუცია: მოლდოვა, მოლდოველები, მოლდოვური;“ „ხალხი სუვერენულია. PAS ტირანია.“ მათ კანონპროექტის დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვეს, თუმცა ინიციატივამ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა.