ხახვის შესაძლო გაიაფების მიზეზი თურქეთის მხრიდან პროდუქტის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა გახდეს. მართალია ამ დროისთვის დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუმცა როგორც East-Fruit-ი წერს, თურქეთმა აკრძალვა უკვე გააუქმა და ხახვის ექსპორტზე შეზღუდვა მოულოდნელად მოხსნა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სიახლე ნეგატიურად აისახება ხახვის ფასზე და ის მსოფლიო ბაზარზე გაიაფდება.
ამ დროისთვის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ხახვის ფასი საკმაოდ მაღალია, რადგან პროდუქტის ექსპორტი შეზღუდა ინდოეთმაც. ალტერნატიული მომწოდებლები უფრო შორს არიან და ამ ქვეყნებიდან ლოგისტიკა საკმაოდ ძვირი ჯდება. თურქეთის ასეთი გადაწყვეტილების კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა, ხარისხიანი ხახვის დაბალი შიდა საბითუმო ფასები გამხდარიყო.
ამ დროისათვის, საექსპორტო ხარისხის ხახვის საბითუმო ფასი კილოგრამზე 0,25 დოლარს შეადგენს.
East-Fruit-ის ანალიზის მიხედვით, თურქეთი ხახვის იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერთა შორისაა. წელიწადში ქვეყნიდან დაახლოებით 220-დან 280 ათასი ტონა ხახვი გადის. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია ერაყი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, რუსეთი, ბანგლადეში, სირია, ლიბია და საქართველო. ხოლო არც ისე ძვირად ღირებული საზღვაო ლოგისტიკის წყალობით, თურქულ ხახვს რუმინეთი და ბულგარეთიც ყიდულობენ. პერიოდულად პროდუქტს ყიდულობს უკრაინაც.
თურქეთის მიერ ხახვის ექსპორტის შეზღუდვამდე საქართველოში იმპორტირებული ხახვის დაახლოებით 60% სწორედ თურქულ პროდუქტზე მოდიოდა. კერძოდ, 2022 წელს ქვეყანაში შემოვიდა 10,763 მლნ დოლარის ღირებულების 31 578 ტონა ხახვი, აქედან 6,341 მლნ დოლარის 19 396 თურქეთიდან. მიმდინარე წელს კი თურქეთში ხახვი მხოლოდ იანვარსა და თებერვალში ვიყიდეთ, 336,6 ათასი დოლარის 882 ტონა.
2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში შემოვიდა 10,441 მლნ დოლარის ღირებულების 27 086 ტონა ხახვი.