საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა.
შედარებისთვის: რეიტინგის ლიდერ შვეიცარიაში საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 17 290 ლარია, ხოლო ყველაზე დაბალი – 345 ლარი ეგვიპტეშია.
რეგიონის მეზობელი ქვეყნებიდან საქართველო მხოლოდ აზერბაიჯანს, ასევე, ომში მყოფ უკრაინას უსწრებს.
აზერბაიჯანში საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 141 ლარია და ქვეყანა 75-ე ადგილზეა, ხოლო უკრაინა 1 038 ლარით 79-ე ადგილზეა.
რეიტინგში საშუალო ხელფასის ოდენობით საქართველოზე წინ არიან სომხეთი, თურქეთი და რუსეთიც.
სომხეთში საშუალო ხელფასი 1 774 ლარია. მაჩვენებლით ქვეყანა რეიტინგში 55-ე პოზიციას იკავებს.
მხოლოდ ერთი საფეხურით დაბლა, 56-ე ადგილზეა თურქეთი, სადაც საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 763 ლარია.
10 პოზიციით დაბლა, 66-ე ადგილზეა რუსეთი, სადაც საშუალო ხელფასი 1 477 ლარია.