სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით უძრავი ქონების ონლაინ გაქირავების გლობალური პლატფორმა, Airbnb ზაფხულის სეზონზე დასაჯავშნად ორადგილიან ნომერს პარიზის ოპერის თეატრ Palais Garnier-ში გახსნის.
კომპანია თეატრის პრესტიჟულ ლოჟას ანტიკვარული ავეჯით მორთავს და კომფორტულ ორადგილიან ნომრად გარდაქმნის, რომელსაც ოპერის ცნობილი დარბაზისკენ არაჩვეულებრივი ხედი ექნება.
დასვენება Palais Garnier-ში მოიცავს მუსიკალურ ნომერს, კულისებს მიღმა მდიდრულად მორთულ სარეპეტიციო ოთახში ვახშამსა და ტურს მე-19 საუკუნის დახვეწილ შენობაში, მიწისქვეშა აუზის ჩათვლით, რომელიც რომანსა და მიუზიკლში ფანტომის ბუნაგის შთაგონების წყაროა.
Palais Garnier-ის სასტუმრო ნომრის ერთი ადგილის დაჯავშნა ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის მარტიდან, 37 ევროდ იქნება შესაძლებელი. სტუმრებს „ოპერის მოჩვენების“ ავტორის შვილიშვილი, ვერონიკ დიუბრულ-ლერუ უმასპინძლებს.
Airbnb-ის ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დირექტორმა, ემანუელ მერილმა Reuters-ს განუცხადა, რომ „იდეის მთავარი დანიშნულება არის ხალხის წახალისება, „ერთდროულად იმოგზაურონ და იოცნებონ, ასევე, მოგზაურობის დროს ბევრი ემოცია შეიგრძნონ.“
Reuters-ის შეფასებით, ფრანგი მწერლის, გასტონ ლერუს რომანისა და ინგლისელი კომპოზიტორის, ენდრიუ ლოიდ უებერის მიუზიკლ „ოპერის მოჩვენების“ სტილში სასტუმრო ნომრის გახსნას ევროპაში რამდენიმეწლიანი კორონაპანდემიური შეფერხების შემდეგ ტურიზმის დაბრუნებამ შეუწყო ხელი. კერძოდ, გასული ზაფხულიდან საფრანგეთში ამერიკელი სტუმრები მრავლად ჩადიან. ევროპის დედაქალაქები, ასევე, სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნის გამო ჩინელი ტურისტების დასახვედრადაც ემზადებიან.
პროექტის ფარგლებში, კომპანია Airbnb მე-19 საუკუნის თეატრალური ლოჟების რემონტს დააფინანსებს, ასევე, პარიზის ოპერას ონლაინ სტრიმინგ-პლატფორმის განახლებაში დაეხმარება.