20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ძველი სისტემით გაცემა შეწყდება. ამასთანავე, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომლებიც 20 მარტამდე მუნიციპალიტეტს არ მიმართეს, უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებენ.
„20 მარტიდან შეწყდება ძველი სისტემით A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა და პირველი აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება. პირველ აპრილს ერთჯერადად გაიცემა უვადო ნებართვები, რომლის გაყიდვას, ყიდვას, იჯარით გაცემას თვითონ შეძლებენ ნებართვის მფლობელები. თბილისის მერია ნებართვებს მეტად აღარ გასცემს. ეს ნებართვები მოქალაქეებს მუდმივ საკუთრებაში დარჩებათ და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, გააგრძელონ მუშაობა, იჯარის წესით გადასცენ ნებართვა ვინმეს თუ გაყიდონ.ვინაიდან, ნებართვის გაცემის შესაძლებლობა ამით ამოიწურება, მოვუწოდებ იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასდროს აუღიათ ნებართვა, 20 მარტამდე მიმართონ მუნიციპალიტეტს და ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა აიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი პირველ აპრილს უვადო ნებართვებს ვეღარ მიიღებენ“, – განაცხადა თბილისის მერმა.