მიუხედავად ნედლეულის გაძვირებისა, სათამაშოების მწარმოებელ ქართული კომპანიების ნაწილს პროდუქციაზე ფასი არ მოუმატებია, ნაწილი კი იძულებული გახდა ფასი გაეზარდა. “bpn”-თან საუბრისას კომპანიების წარმომადგენლებმა ფასების გაძვირების მიზეზებზე ისაუბრეს.
სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „დადარის“ დამფუძნებელი არჩილ გობეჯიშვილი ამბობს, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქცია 35%-ით გაძვირდა. მისი განცხადებით სათამაშოები ხისგან მზადდება, ხეს კი ადგილობრივებისგან ყიდულობენ.
”რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ვგეგმავთ საერთაშორისო ექსპორტზე გასვლას“, – აცხადებს გობეჯიშვილი.
სათამაშოების მწარმოებელი კომპანია „ჩიკატაის“ დამფუძნებლის, თამარ ბუიღლიშვილის თქმით კი, მათ ფასები მხოლოდ ახალ კოლექციაზე გაზარდეს: „სათამაშოებისთვის ნაჭერს თურქეთიდან ვყიდულობთ. ბოლო თვეებში ფასი, რა თქმა უნდა, მკვეთრად გაიზარდა, თუმცა ჩვენს პროდუქციაზე ეს მატება მიზერულად აისახა. სათამაშოების 80% არ გაძვირებულა, ახალი კოლექციის ღირებულება კი დაახლოებით 10%-ით გაიზარდა“.
როგორც „ჩიკატაის“ დამფუძნებელმა განაცხადა, უახლოეს მომავალში, ქართული ბრენდი პარიზსა და ფლორენციაში საერთაშორისო გამოფენაზე მიემგზავრება. ასევე აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები, რომელიც პროდუქციის ექსპორტთან არის დაკავშირებული.