საქართველოში მოცვის სეზონი მკაცრი გაზაფხულის გამო გვიანდება, თუმცა მოსავლის აღება ერთ კვირაში დაიწყება. წლევანდელი ექსპორტის პერსპექტივებზე EastFruit წერს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამ შესაძლოა, გარკვეული შეფერხება გამოიწვიოს, რადგან ქართული მოცვის მთავარი შემსყიდველი რუსეთია.
EastFruit-ის მიერ გამოკითხული ადგილობრივი მწარმოებლების ინფორმაციით, წლევანდელ სეზონზე საქართველოში 1500-2000 ტონა მოცვის მოსავალს მიიღებენ. პორტალის მონაცემებით, 2021 წლის სეზონის დასაწყისში ქართული მოცვი 30 ლარად (9,5 დოლარად) იყიდებოდა, სეზონის ბოლოს კი მისი ფასი 10 ლარამდე (3,2 დოლარამდე) დაეცა. წლევანდელი სეზონის ფასები ჯერ დადგენილი არ არის.
მწარმოებლები დარწმუნებული არიან, რომ რუსეთი მთავარ მყიდველად ამ სეზონზეც დარჩება, იმის მიუხედავად, რომ ახლახან ბრიტანეთის ახალი პროდუქტების სავაჭრო ასოციაცია ქართული მოცვით დაინტერესდა და საქართველოში მოცვის ზოგიერთ უმსხვილეს კომპანიას სტატიაც მიუძღვნა.
ამასთან, აპრილში, ექსპორტის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა Enterprise Georgia-ს ფარგლებში, მოცვის ქართველ მწარმოებლებსა და ბრიტანელ შემსყიდველებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც ევროპულ ბაზრებზე ქართული მოცვის პოპულარიზაცია იყო. შეხვედრაზე დიდ ბრიტანეთში ქართული მოცვის საექსპორტო პოტენციალი განიხილეს.
ქართული მოცვის კომპანია Blue Bird-ის თანადამფუძნებელმა, ბაია სალუქვაძემ EastFruit-ს განუცხადა, რომ შეხვედრაზე ადგილობრივმა მწარმოებლებმა დიდ ბრიტანეთში ექსპორტის პირობებზე, მათ შორის სერტიფიცირებისა და შეფუთვის სტანდარტებზე ინფორმაცია მიიღეს. მისი თქმით, ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელიც ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ამ ეტაპზე კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.
Blue Bird ქართული მოცვისთვის ბრიტანეთის ბაზარს ამჟამად ნაკლებად რეალისტურად მიიჩნევს და მიზეზად ლოგისტიკისა და მიწოდების რთულ საკითხებს ასახელებს. ამასთან, ბაია სალუქვაძის თქმით, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე გასასვლელად ქართველ მწარმოებლებს არა მხოლოდ სერტიფიცირება, ხარისხი და შეფუთვა, არამედ კონკურენტუნარიანი ფასის დაწესებაც სჭირდებათ, რუსულ ბაზარზე კი დღეისთვის მოცვის ფასი ევროპულზე მაღალია.
EastFruit-ის ცნობით, ადგილობრივი მწარმოებლები რუს მყიდველებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ სეზონი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება და ქართული მოცვის უმეტესი ნაწილი კვლავ რუსულ ბაზარზე გაიყიდება.