საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2.847 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.7%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.4%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 11.5%-ით შემცირდა და 1.293 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა.
2024 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 72.8% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (271.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (217.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (129.6 მლნ. აშშ დოლარი).
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი 156.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.1%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 142.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.1%, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 101.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.9%).